საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პიარის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს, სოციალური ქსელით ამცნო:
“1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია.
მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, ჩემ ტალიკ-ტალიკებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოელ ჟურნალისტს საუკეთესო თანამშრომლობისთვის”, _ დაწერა ფეიქრიშვილმა და აღნიშნა, რომ მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ლედი ოქროპირიძე შეცვლის.
ფეიქრიშვილი, ბევრი უწყების პრესსამსახურისგან განსხვავებით, მედიასთან განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა და მასთან დაკავშირების პრობლემა, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, არავის ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მისი მუშაობის დროს გაიგო საზოგადოებამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რთული და საინტერესო მუშაობის შესახებ.
ამ ყველაფრის შესაბამისად, ყველას გაუჩნდა კითხვა, თუ სად წავიდა იგი _ მედიის განსაკუთრებული ინტერესის დაკმაყოფილებას “გურია ნიუსი” შეეცადა და დადასტურებულად გაარკვია, რომ მიშა ფეიქრიშვილი მომავალი კვირიდან პარლამენტის პიარს ჩაიბარებს.