„აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა სიის უკან დგას. გასული ექვსი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი თემის უკან პარტიის ლიდერი იდგა, ამიტომ მისი პოზიცია მოსამართლეებთან დაკავშირებით, არ უნდა გაგვიკვირდეს “, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გრიგოლ გეგელიამ.
გეგელიას მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა სია საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა დაამტკიცოს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სიის შემადგენლობაში მყოფი მოსამართლეების ნაწილი სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პროცესში მონაწილეობდა.
„ეს მოსამართლეები საყრდენი ძალა იყვნენ, ე.წ. მიშიზმის, რომელმაც სასამართლო სისტემა კანტორად გადაქციეს. ეს ადამიანები სახელმწიფოს ინსტიტუტების ნგრევის პროცესში მონაწილეობდნენ, რაც ტრაგიკულია. თავისუფალი სასამართლოს გარეშე ვერანაირი სახელმწიფო სისტემა იარსებებს. აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა სიის უკან დგას. გასული ექვსი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი თემის უკან პარტიის ლიდერი იდგა, ამიტომ მისი პოზიცია მოსამართლეებთან დაკავშირებით, არ უნდა გაგვიკვირდეს“,_ აცხადებს პოლიტოლოგი.
გეგელია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია აუცილებლად დაიშლება. მისივე თქმით, პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„აშკარაა „ქართული ოცნება“ დაიშლება. პარლამენტში არის ნაწილი დეპუტატებისა, რომლებიც ნამდვილად პრინციპულად ემიჯნებიან მოსამართლეების თანამდებობებზე განმწესებას, თუმცა გასული წლების განმავლობაში, ბევრი პრინციპული საკითხი იყო, რომლებზეც მათ საჯაროდ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, რაც მაფიქრებინებს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით, მათ მიერ ატეხილი აჟიოტაჟი არა მარტო სამართლიანობისკენ სწრაფვას, არამედ პარტიაში საკუთარი ადგილის მოპოვებასაც უკავშირდება“, _ აღნიშნა გეგელიამ.