დღეს, ოზურგეთში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღის განმავლობაში იმართება.
12 საათზე გურიის გუბერნიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და ასევე, სხვა ჩინოვნიკები, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ობელისკთან მივიდნენ და გვირგვინებით შეამკეს. ასევე, აქ გაიმართა დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი თაიგულებით შეამკეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ, გუბერნატორის მოადგილემ გია ებრალიძემ. აქ მოვიდნენ შშმ პირები, ზაზა დამენიას ოჯახის წევრები, დედა ციური წერეთელი და მეუღლე ხათუნა დამენია.
_ უმძიმესი დღეა. ჩვენ მიწას მიბარებული თუ მიუბარებელი გმირებით საოკუპაციო რეჟიმში ვცხოვრობთ. ჩვენი სამშობლოს ტერიტორიის 20% კვლავ მტრის ხელშია. გამძლეობას ვუსურვებ ჩვენს ხალხს. მჯერა, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის“ , _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.
ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დედა ციური წერეთელი, როგორც დაღუპული მეომრის და შვილის დედა, მთელ სამყაროს მშვიდობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს:
_ ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე მტკივნეული დღეა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, მთელი საქართველოსთვის. მთელ საქართველოს, სრულიად სამყაროს მოვუწოდებ, იბრძოლონ მშვიდობისთვის. მაშინ არ გვეყოლება ამდენი დაღუპული ვაჟკაცი“, _ გვითხრა მან.
ზაზა დამენიას მეუღლე, ხათუნა დამენია: „დღეს ძალიან სევდიანი და ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ზაზა დამენიას მეუღლე ვარ. ჩემი სურვილია, მუდამ მშვიდობა იყოს, ასევე, მოლაპარაკებების გზით, საომარი მოქმედებების გარეშე მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“.
გურიის გუბერნიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის და საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, გაემართნენ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, თამაზ ნიკიტინის და თეიმურაზ ჭიტაძის საფლავების შესამკობლად.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დაღუპულ გმირთა ოჯახებს, ერთჯერადი დახმარების სახით, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 500 ლარი ჩაერიცხებათ.