მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, დაბა შუახევში აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა. საპილოტო არეალზე სულ 1843 მიწის ნაკვეთი აიზომა. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ საველე ინფორმაციის მოძიება მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. საველე სამუშაოების დასრულების შემდგომ, მონაცემები საჯაროდ გამოცხადდება.
დაბა შუახევი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. (R)