საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრი ირაკლი სესიაშვილი პარლამენტის წინ გამართულ აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციების მონაწილე არც ერთი მხარის პოზიციას არ იზიარებს. ამასთან, ,,ქართული ოცნების“ წევრი მადლობას უხდის შს სამინისტროს და დასძენს, რომ დღეს, წინა ხელისუფლების პირობებისგან განსხვავებით, სამართალდამცავი უწყება ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დაცვაზეა ორიენტირებული.
,,ჩემთვის მიუღებელი იყო, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოზიცია, განცხადებები და შეხედულებები, ისე ქცევა და ქცევის წესი. ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ პოლიცია არის ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურში, შედგა ეს მონაპოვარი. ამ ქვეყნისთვის ყველაზე ღირებული არის გამოხატვის თავისუფლება, რაც, ასევე, თქვენც უნდა გიხაროდეთ. მინდა, პირველ რიგში, თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო, მინისტრის ხელმძღვანელობით, რომ ეს გარდატეხა შევძელით და პოლიცია არის არა სახელმწიფო მოძალადე, რაც წლების განმავლობაში იყო, არამედ არის ძალა, რომელსაც აქვს მოთმინება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, რომელიც არის პროფესიონალი და ამასთანავე მოწოდებულია, რომ დაიცვას თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და წესრიგი“, _ განაცხადა სესიაშვილმა.






























































