„სამწუხაროდ, ჩვენი სოფლის — ქვაბღის — კლუბის შენობა უკვე მეორე წელია ზამთარს ხვდება დაზიანებული სახურავით. თოვლმა ჩატეხა და მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.“ – ასე იწყება წერილი, რომელიც „გურია ნიუსმა“ ეს დღეებია სოფელ ქვაბღიდან მიიღო.
წერილში ასევე წერია: „ყველას კარგად გვახსოვს, რომ გასულ წლებში ამ შენობაში არჩევნებიც კი ტარდებოდა — ეს იყო მოქმედი და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცე. რამოდენიმე თვების წინ დაგვპირდნენ, რომ ერთ კვირაში შეკეთდებოდა, თუმცა კვირები უსასრულოდ გადის და რეალური ნაბიჯი არ ჩანს.
უპატრონობის პირობებში შენობა მალე დალპება და თან წაიღებს იმ მოგონებებს, რომლებზეც გაიზარდა არაერთი თაობა. ვინც ქვაბღაში გაიზარდა, ყველა დამეთანხმება, რომ ეს კლუბი მხოლოდ კედლები არ არის — ის ჩვენი ისტორიის ნაწილია.
მოგმართავთ თხოვნით: იქნებ აქედან მივაწვდინოთ ხმა ადგილობრივ ხელისუფლებას და დაგვეხმარონ კლუბის შენობის სახურავის აღდგენაში.“
„გურია ნიუსმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
„პირველ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოების სწორად დაგეგემვის მიზნით, დგინდება იმ ტერიტორიის გეოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რომელზეც შენობა მდებარეობს. კვლევის დასკვნის საფუძველზე მოხდება შენობის დაზიანებული კომპონენტების რეაბილიტაცია.“ – ასეთია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პასუხი. მათ პასუხში კონკრეტული თარიღი არ არის აღნიშნული თუ როდის დაიწყება აღნიშნული პრობლემის მოგვარება.





























































