16 თებერვალს დასრულდა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში ომის დასრულებასაც განიხილავდნენ.
კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰეუსგენმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგი საფრთხეშია, მანამდე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააკრიტიკა ევროპის მიგრაციული პოლიტიკა და დაადანაშაულა ევროკავშირი ცენზურასა და დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევაში.
საპასუხოდ, ჰეუსგენმა ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ღირებულებების ერთიანობა, მოუწოდა მხარეებს, ყველა ღონე იხმარონ, რომ არ განადგურდეს დამყარებული მსოფლიო წესრიგი და სატელევიზიო არხ ZDF-თან ინტერვიუში კონფერენციას “ევროპის ყველაზე საშინელი კოშმარიც“ კი უწოდა.
































































