2019 წლის 14 და 15 მარტს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და მისი მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, თბილისში იმყოფებოდნენ _ როგორც მერის თანაშემწის, ეთერ ყავრელიშვილის მოხსენებით ბარათშია აღნიშნული „სამუშაო შეხვედრაზე“.
ყავრელიშვილი არ წერს, რა სამუშაო შეხვედრა იყო, თუმცა, წერს, რომ მერს და მის მოადგილეს მივლინების დღიური კვების თანხა აქვთ ასანაზღაურებელი _ თითოეულს 30 ლარის ოდენობით.
ის, რომ მერმა და მისმა მოადგილემ ბიუჯეტიდან მივლინებისთვის ორ დღეში 30-30 ლარი აიღეს, კანონდარღვევა არ არის; ისიც რა ხაზგასასმელია, რომ 30 ლარსაც კი არ უზოგავენ ბიუჯეტს, მაგრამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი საწვავით, სახელმწიფო მანქანით რომ ისარგებლეს და ზედ 30 ლარიც დაიყოლეს, მინიმუმ, უხერხული კია იმ ფონზე, როცა მერის მისაღებში ყოველდღიურად ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც პურის ფულიც კი არ გააჩნიათ.
თუმცა, საქმეს თუ მეორე კუთხით შეხედავ, ვერც გააამტყუნებ მერს და მის მოადგილეს_ 30 ლარი რამდენ გაჭირვებულს უნდა გაუნაწილო? ერთს მიცემ და მეორე მოგთხოვს, მერე მესამე და ასე შემდეგ _ გაჭირვებულებს რა გამოლევს ოზურგეთში და შენ რომ გგონია, მადლს შვები, აქეთ დაგიწყებენ ლანძღვას, იმას რომ მიეცი, მე რატომ არ მაძლევო. 30 ლარი თხილის გული კი არ არის, ცხრა მოძმეს რომ გაუნაწილო, ან კოტე და ოსიკო რომელი იესო ქრისტეები არიან, ერთი პური და ერთი დოქი ღვინო ანუ 30 ლარი მთელ ოზურგეთს ამყოფინონ?!
სამაგიეროდ, 15-15 ლარით გლდანის ორი ცალი შაურმით ჩაიკოკლოზინებდნენ ყელს და გულიც კი დაწყდებოდათ, დღიური კვების თანხა 16 ლარი და 20 თეთრი რომ ყოფილიყო, კოკა კოლასაც ხომ დავაყოლებდითო?!
ასე რომ, ცოტა თუ დაფიქრდები, მიხვდები, რატომ ამჯობინეს ჭკვიანმა მერმა და არანაკლებ ჭკვიანმა ოსიკომ, რომ 30 ლარი გაჭირვებულებისთვის კი არ მიეცათ, არამედ საკუთარი კუჭზე ეფიქრათ _ მაძღარი ხელმძღვანელი ხომ ხალხისთვის ბევრად უფრო მეტ სასიკეთო საქმეებს გააკეთებს, ვიდრე მშიერი?!