„მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან არასწორი ინფორმაციების გავრცელება, თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი დავტოვეთ სამსახურის გარეშე “,_აღნიშნული განცხადება დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მერიისთვის მთავარი ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებაა.
მერის განმარტებით, ტაქსის მძღოლს, რომელიც A თუ B კატეგორიაში გასაწევრიანებლად მიდის, ტექდათვალიერება გავლილი უნდა ჰქონდეს, შესაბამისად, ვალდებულება, რომელიც კერძო ავტომობილებზე ვრცელდება ტექდათვალიერების შესახებ ტაქსების რეფორმას მიება.
„დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, 30 %-მა დაახლოებით, ვისაც ლიცენზია ჰქონდა მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა. თუმცა, მათ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ავტომობილები მოიყვანონ მწყობრში, მოვიდნენ და აირჩიონ A ან B კატეგორია“,_განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, დაახლოებით 6 000-ზე მეტი მძღოლს აქვს A კატეგორიის ლიცენზია, დაახლოებით 9 000-მდე კი არის B კატეგორიაში გაწევრიანებული.
კალაძის თქმით, A კატეგორიის ტაქსებისთვის ქალაქში არის გამოყოფილი სპეციალური საპარკინგე ადგილები, მათ იქ გაჩერებაში არაფრის გადახდა მოუწევთ, საშემოსავლოდან გათავისუფლებულები არიან და ასევე ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ რეკლამა საკუთარ ავტომობილზე.