სახელმწიფო ინსპექტორისთვის დევნის ფუნქციის მინიჭება აუცილებელია, რადგან, მხოლოდ მოკვლევის ფუნქციის მინიჭებით სისტემა არასრულყოფილია, _ ეს განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გააკეთა.
,,მხოლოდ მოკვლევის ფუნქციის მინიჭებით ახალი სისტემა აუდიტის სამსახურს ემსგავსება. თუ მას დევნის ფუნქცია არ მივანიჭეთ, ორგანო კნინდება და, თეორიულად, შესაძლებლობა იზრდება, რომ პროკურატურაში მოხდეს მათი ნებისმიერი მოკვლევის ბლოკირება. ვინც ქმნის სახელმწიფო მართვის ინსტიტუციურ წესრიგს, წარმოდგენაც კი არა აქვს, როგორ უნდა შექმნას მარტივი, ეფექტური სისტემა, ამიტომ არსებობს ეს წინაღობები, მექანიკური გაერთიანებები და ა.შ. კეთილი სურვილების მიუხედავად, სისტემა ეფექტური კი არ ხდება, პირიქით, უფრო გაუგებარი, წინააღმდეგობრივი და მოუქნელია, ესეც ერთ-ერთი ნიმუშია“ , _ განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს. ახალი საგამოძიებო უწყება პერსონალური მონაცემების გარდა, სწორედ პოლიციელთა გადაცდომებსაც შეისწავლის. საუბარია ისეთი ტიპის დანაშაულებზე, როგორიცაა: წამება, წამების მუქარა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა. ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები 21 კანონში უნდა შევიდეს. სამსახურს პარლამენტი გააკონტროლებს და მის ხელმძღვანელსაც საკანონმდებლო ორგანო 5 წლის ვადით ნიშნავს.