განზრახ მკვლელობასა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს ღამით, ქ.ბათუმში, სამორინე ,,პრინცესაში” ლ.უ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით უზბეკეთის მოქალაქე ორ ქალს ი.ზ. -ს და ხ.მ. -ს დანით ჭრილობები მიაყენა: ი.ზ. -ს გულმკერდის და ფეხის არეში, ხოლო ხ.მ. -ს სახისა და სხეულის არეში ხუთი ჭრილობა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლ.უ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.