საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო რეფორმაციის” დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი ,,გურია ნიუსთან“ საქართველოს ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური თამაში წაგებისთვის იყო განწირული.
,,მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილიც კი არ იყო, რომ სააკაშვილის ექსტრადირება მომხდარიყო საქართველოში. ეს ყველაფერი არის თამაში ამომრჩეველთან. ლოგიკურად ისე ჩანდა, რომ თითქოს მათ არ სურდათ მისი ექსტრადირება. იცით თქვენც, ქართულ მხარეს უკრაინის ხელისუფლებასთან ჰქონდათ გარკვეული მოლაპარაკებები, ფარდის უკან რა საკითხები განიხილებოდა, არავინ იცის, მაგარამ მე შემიძლია დასკვნა გავაკეთო და გითხრათ, რომ ლოგიკურად ისე მოქმედებდნენ, რომ ექსტრადირება არ მომხდარიყო.
თავიდანვე მმართველმა გუნდმა არასასურველი პროცესი წამოიწყო, როცა სააკაშვილზე სამართლებრივი დევნა წამოიწყო. მათ შეიძლება ილაპარაკონ მორალურ მხარეზე გარკვეული ქმედებების, პოლიტიკურ მხარეზე, მაგარამ სამართლებრივი დევნა სააკაშვილის სამართლებრივადაც არასწორია, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ მხარეს. თავიდანვე წაგებისთვის იყო განწირული ეს თამაში“, _ განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. ეს სტატუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნიდერლანდებმა მიანიჭა.
დეკემბერში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზეილსტრამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სააკაშვილს აქვს უფლება, ნიდერლანდების მოქალაქე გახდეს, თუმცა, სააკაშვილს მოქალაქეობის მისაღებად ნიდერლანდებისთვის არ მიუმართავს. ის დღემდე მოქალაქეობის არმქონე პირია მას შემდეგ, რაც 2017 წლის ზაფხულში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.