„გურიის მოამბის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე ორი დღეა, აქცია მართავს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად _ ის ბანერით ხელში გზის პირას დგას და ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
„გუშინ, ვიმყოფებოდი ოზურგეთის-ქობულეთის ავტომაგისტრალის ექადია-ლიხაურის მონაკვეთზე. დღეს ვართ ოზურგეთის-ჩოხატაურის მაგისტრალის დვაბზუს მონაკვეთზე.
მთავარი მესიჯია თავისუფლება მზიას და ვითხოვთ აუცილებლად მის გათავისუფლებას“, _ ამბობს ვლადიმერ მენაბდე.
ვლადიმერ მენაბდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის მსგავსს აქტივობებს გურიის გარეთაც აპირებს:
„შემდეგ იქნება ბათუმი, თბილისი… ასევე, მოვივლით ყველა სოფელსა და დასახლებას გურიაში.
ვისაც არ შეგიძლიათ თბილისში ან სხვაგან წასვლა, გამოდით საკუთარი სახლების წინ, დღეში თუნდაც 5 წუთი, ტრანსპარანტებით _ „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.
გაიგონ, რომ ყველგან ვართ და მოსვენებას არ მივცემთ რუს ოკუპანტებს“, _ აღნიშნულია ვლადიმერ მენაბდის გავრცელებულ ინფორმაციაში.


































































