“ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს”, _ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ეს სიტყვები დღეს ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა, რასაც „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან არაეთიკური კომენტარი მოჰყვა.
დავით შარაშიძემ ამ ადამიანებს იქვე უპასუხა:
“ახალგაზრდები ასე რამ გაგაბოროტათ? რა სიტყვებს იყენებთ? რომელიმე ერკვეოდეთ მაინც, რა ხდება. ეს აქცია არის იმ ხალხის, იმ NGO-შნიკების დაორგანიზებული, რომელთაც არ აინტერესებთ ქვეყანა. არ იციან, რა არის პატრიოტიზმი და არც ის იციან, რატომ დგანან აქციაზე და რას აპროტესტებენ.
დარწმუნებული ვარ არცერთმა თქვენგანმა და არც იმ ვაიპატრიოტმა ხალხმა, ვინც აქციაზე დგას, არ იციან არც კანონი, არც რეგულაციები და არც ის თუ რა კანონპროექტზეა საუბარი, არც მისი შინაარსი იცის და არც ის, თუ რას ეხება.
ამიტომ, მოდით, ,,მაგარ ტიპობას” შეეშვით და ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე ვიფიქროთ. ქვეყნის პრემიერზე ეს სიტყვები როგორ უნდა წამოგცდეს შეგნებულ ქართველს, კაცზე რომელმაც ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა, სისხლის ღვრას აარიდა ქვეყანა და საქართველოს უჭირავს სწორი ევროპული კურსი, თქვენ არ გინდათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა!!!”, _ დაწერა დავით შარაშიძემ.