დღეს, 17 თებერვალს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა. ახალი პარტიის წარდგენა სიმბოლურად ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე , მის ძეგლთან გაიმართა. ბრიფინგზე მოძრაობის წარმომადგენლებმა- ლევან ლორთქიფანიძემ, ვახუშტი მენაბდემ, ელენე ფასურმა და თათა დვალმა საზოგადოებას მოძრაობის სამომავლო მიზნები და ხედვები გააცნეს.
„მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა. ისინი არა მხოლოდ აკრიტიკებენ წარსულსა და დღევანდელობას, არამედ აქვთ საერთო ხედვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
მოძრაობის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებს, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებას, თანასწორობას, სამართლიან მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივი რესურსების მიტაცებას. მოძრაობის წევრთა ნაწილი პროფკავშირულ გაერთიანებას წარმოადგენს, ნაწილი კი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბრუნებისთვის მიმდინარე პროტესტში”-, ნათქვამია მათ მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში.