2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში საჯარო სკოლის მასწავლებლები მომატებულ ხელფასს ელიან, თუმცა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებლის ხელფასების მომატების შესახებ დოკუმენტი არ არსებობს და წინადადება მხოლოდ ინიციატივის დონეზეა.
დღემდე, ცნობილი იყო რომ მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მოემატებოდათ. ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.
აღსანიშნავია, ისიც რომ პანდემიის გამო სახელმწიფომ გარკვეული მიმართულებებით ბიუჯეტი შეამცირა, მათ შორის ბიუჯეტი შეუმცირდა განათლების სამინისტროსაც, თუმცა, როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარე, ისე განათლების სამინისტრო აცხადებდა, რომ პედაგოგებისთვის მიცემული პირობა ძალაში რჩება.
აღნიშნულის შესახებ ბოლოს კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ ივნისში გააკეთა და თქვა, რომ სახელმწიფო პედაგოგებისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს. „უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ განაცხადს, თუ როდიდან დაიწყება მასწავლებლის ხელფასის ზრდა“, – დასძინა მან. მიუხედავად ამისა კონკრეტული ინფორმაცია განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.