დღეს, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, რომელთაც , პანდემიის პირობებში „აი იას“ სწავლა ონლაინრეჟიმში მოუწიათ, ანბანის სადიდებელი ჰიმნი, ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში დააგუგუნეს.
კლასის ხელმძღვანელმა, ეკა დარჩიამ, რომელიც თავისი შემოქმედებითი უნარით და ინოვაციური მიდგომებით ცნობილია, ამბიციური პროექტი წარმოადგინა.
_პანდემიის პირობებმა, მიუხედავად დაბრკოლებისა, ახალი სვლებიც აღმოგვაჩენინა, რომელმაც თავისებურ შემოქმდებით წარმატებამდე მიგვიყვანა. ამ კლასს „აი ია“ ონლაინრეჟიმში ავუხსენი, რამაც უსაზღვრო უკმაყოფილების გრძნობა, რაღაცნაირი სიცარიელე გამიჩინა. მე ჩემს საყვარელ მოსწავლეებს შევპირდი, რომ პირველი კლასის დასრულებისას მოვამზადებდით ანბანთქების ზეიმს ღია სივრცეში, სადაც ყველას ვაჩვენებდით, რომ პანდემიამ ვერაფერი დაგვაკლო. ბავშვებმა ძალიან კარგად შეისწავლეს წერა-კითხვა. ამ ზეიმისთვის ქართული ანბანი შევმოსეთ ბუნების ფერებში. გავასხეულეთ ქვაში, ამოვავლეთ ვარდის სურნელში და ასე მორთულ-მოკაზმული ვიზუალური და შინაარსობრივი მხარე ერთი ლამაზი პროექტით: „მოგეფერები ანბანო“, წარმოვადგინეთ. რაც ნახეთ, ეს არის, მეტს ვერაფერს გეტყვით, – ემოციურად ისაუბრა „გურია ნიუსთან“ პედაგოგმა ეკა დარჩიამ.
ბავშვებმა ლექსებით სიმღერებით, ნაირფერი ბუშტებით, ცეკვებით, სხვადასხვა იმპროვიზაციებით წარმოადგინეს და ასე ვთქვათ, აცეკვეს და ამღერეს ქართული ანბანი. „ზამთარ-ზაფხულ ყველა ასო მზისფერია“ – თითქოს გალობდნენ პატარები. ეფერებოდნენ და ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს, ცას, მზეს, დედაბუნებას… თითოეულ ასო-ბგერას.
_ამჯერად, ვაჩვენეთ პანდემია, როგორც შესაძლებლობა. ღია სივრცეში მოეწყო არაფორმალური განათლების აქტივობა , რომელიც ავსებს და განამტკიცებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა ტარიელ კალანდაძემ.
ანბანთქების ზეიმით განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვეს მშობლებმა.
_პანდემიის პირობებში, ეს იყო ჩვენი შვილებისთვის უდიდესი სიხარულის და აღმაფრენის მინიჭება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს არაჩვეულებრივ, შემოქმედ მასწავლებელს, ეკა დარჩიას.
თავის მხრივ ეკა დარჩიამ თქვა, რომ მშობლების უდიდესი ძალისხმევა რომ არა, გაუჭირდებოდათ ასეთი ორიგინალური პროექტის გახორციელება.