ოზურგეთში, განსაკუთრებით კი ბაზარში, სადაც უამრავი ძაღლი აფარებს თავს, აქ დასაქმებულთა უმრავლესობა შველას ითხოვს.
_განსაკუთრებით ავი და საშიში ერთი შავი ძაღლია. ყელზე და მუცელზე თეთრი ზოლებით. ახლახან ორი ადამიანი დაკბინა. არის კიდევ რამდენიმე საშიში ძაღლი. სანამ ვიყვიროთ, სააღდგომოდაც უნდა დაკბინოს ხალხი? – გვეუბნებიან ოზურგეთის ბაზარში და აქვე განლაგებულ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებული ადამიანები.
_ეს ძაღლი ჩვენია! არავინ შეეხოს! – გვითხრა ერთ-ერთმა დახლთან მდგომმა ქალბატონმა.
_მისი თუ არის, შინ წაიყვანოს. სახლი აქვს, კარი აქვს, უკეთესად მიხედავს, – არ ცხრებიან გაბრაზებული ქალბატონები.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიცაპალური მომსახურების სერვისცენტრის უფროსს, გია ანთაძეს ესაუბრა.
_ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ. წავიყვან ბრიგადას და თუ ძაღლი ადამიანებს ერჩის, დასდევს ან დაკბინა, გავატარებთ შესაბამის ღონისძიებას. ისე კი, გეტყვით, რომ გვქონდა ასეთი შემთხვევაც _ შეგვატყობინეს, ძაღლმა ადამიანი დაკბინაო, ავიაო… მივედით და ზოგმა თავო გამოიდო, ამ ძაღლს არ შეეხოთო. ზოგჯერ ადამიანები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდიან ან ადგილზე როცა მივალთ, არაადეკვატურად იქცევიან... – გვითხრა გია ანთაძემ.
ვიმედოვნებთ, გატარდება შესაბამისი ღონისძიება და მითითებულ ძაღლებს გადაიყვანენ თავშესაფარში დაკვირვებისთვის თუ სამკურნალოდ.
მიუხდავად იმისა, რომ „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერს ამ პრობლემაზე, მოქალაქეები ყველაზე აქტიურად, მაინც რედაქციას მომართავენ.
ჩვენ თვალს მივადევნებთ პრობლემის მოგვარების საკითხს.
ავტორი