უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოქმედი შეზღუდვები, მათ შორის ღამის საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა შემსუბუქდეს.
„დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდა, რაც საყურადღებოა და იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც ბევრი ევროპული ქვეყანაც იყენებს და იქ ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციებია დაწესებული, რადგან ეს უკიდურესად საჭიროა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, რომელიც მოჰყვება ამ შეზღუდვას, მაგრამ ეს ქმედითი მექანიზმია“, – განაცხადა გაბუნიამ.