ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომ ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ის აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იდენტიფიცირება და თითოეულ ბენეფიციარამდე მისვლა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა სახელმწიფოს წინა სოციალური დახმარების საკმაოდ კარგი ბაზა აქვს და დახმარების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების კუთხით ბიზნესის მხარდაჭერის იმედიც აქვს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უფრო მიზნობრივი და განსაზღვრულია მაგალითად ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კონკრეტული დარგების წარმომადგენლებისთვის, ეს მარტივი არ იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბიზნესთან გუშინდელი შეხვედრისას კომპანიებს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ ამაში. დღეს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ის არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა მიიღოს 30 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შევასრულებთ”, – განაცხადა გიორგი გახარია.