მოლდოვაში ოლიგარქს და ქვეყნის ყოფილ არაფორმალურ მმართველს, ვლადიმირ პლახოტნიუკს თაღლითობის საქმეში, რომელიც ქვეყნის საბანკო სექტორიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვას ეხება, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პლახოტნიუკი, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ იმყოფებოდა, დანაშაულს უარყოფდა. ის აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევდა.
პლახოტნიუკი 2025 წლის ივლისში საბერძნეთში დააკავეს. მისი ექსტრადაცია იმავე წლის სექტემბერს მოხდა.
ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო. ქვეყნიდან 2019 წლის ივნისში აშშ-ში გაიქცა, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა.
საქმე, რისთვისაც პლახოტნიუკს ბრალი ედება, ქვეყანაში “საუკუნის ძარცვად” არის ცნობილი, რომლის დროსაც მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მერვედის ოდენობის თანხა მოიპარეს.
სკანდალს მალევე მოჰყვა მასობრივი დემონსტრაციები. გარდა ამისა, მოლდოვას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარება შეუწყვიტა, ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელიც.
2020 წლის იანვარში აშშ-მა ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა.



































































