მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.
მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება.
„მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი, დაიწყება პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური პროექტის განხილვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივლისის ბოლოს ცვლილებები უკვე შევა კონსტიტუციაში. „ქართული ოცნება“ იქნება ერთგული იმ შეთანხმების, რაც საზოგადოების წინაშე დავდეთ. ბუნებრივია, ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამ ინიციატივას. იმედი მაქვს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხრიდან ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა და, სავარაუდოდ, პროექტის მისაღებად საჭირო ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფების გარეშეც შეგროვდება, თუმცა თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ ინიციატივას, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იქნება“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი.


































































