საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27 პროცენტი ხმას პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
კითხვაზე – „რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტადებოდეს და შემდეგი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ“ – გამოკითხულთა 27 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა; 17-მა პროცენტმა „ნაციონალური მოძრაობა“; მესამე ადგილზე 7 პროცენტით „ევროპული საქართველოა“.
ამასთან, გამოკითხულთა 5 პროცენტი ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემდა; 4 პროცენტი „პატრიორტთა ალიანსს“ ; 3 პროცენტი – „დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს“; 2 პროცენტი – „ახალი საქართველო“; 1 პროცენტი – „თავისუფალი დემოკრატები“; 1 პროცენტი – „გირჩი“.
ამასთან, ჩამოთვლილთაგან არც ერთ პარტიას ხმას არ მისცემდა გამოკითხულთა 19 პროცენტი; 14 პროცენტმა კი – არ იცის/პასუხი არ აქვს.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.