სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. მათგან ერთი დაკავებულია.
უწყების ცნობით, ერთ-ერთ ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და მუქარა.
კერძოდ, ამ დანაშაულისთვის მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი რ.დ., რომელმაც 2023 წლის 11 მაისს, ქ. თბილისში, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ მოქალაქეს. კერძოდ, იარაღი ჩაარტყა თავის არეში, ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც მსხვერპლს თავის მიდამოში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.
უწყების ცნობით, პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი სამართალდამცავი დააკავა.
საგამოძიებოს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ. ს., რომელიც ყოფილ მეუღლეს, 2017-2023 წლებში გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. აგრეთვე, 2023 წლის მაისში მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით კიდევ ერთი სამართალდამცავი ამხილეს. გამოძიების თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ყ., რომელმაც 2023 წლის 4 აპრილს, თბილისში, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მსხვერპლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვ. გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს, მსხვერპლს ცემის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. გარდა აღნიშნულისა, ვ. გ., 2023 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ნაცნობ ქალს და დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანა.
საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მუქარისთვის და ნივთის დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.