ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს წესებს, რომელთა მიხედვითაც 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა იქნება ნებადართული.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ 200 000 ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 იანვრის №7/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/01/2019; ს/კ: 220010010.18.011.016371) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 მუხლები:
„მუხლი 11
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები.
მუხლი 12
კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში”.
აღნიშნულ ბრძანებას ხელს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აწერს.
როგორც ცნობილია, ბრძანება ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.
ცნობისთვის, საქართველოში 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა 2019 წლიდან აკრძალული იყო, რაც სამოქალაქო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა.