შემოდგომის ტესტების ეგიდით საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებების გასამართი ტესტ-მატჩი 14 ნოემბერს ბორდოში, “მატმუტ ატლანტიკზე” გაიმართება.
ზემოხსენებული მატჩის შესახებ ფრანგულმა პრესამ გადაჭრით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დააანონსა, ხოლო დღეს ეს ინფორმაცია საფრანგეთის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა. “ბორჯღალოსნებთან” მატჩის გარდა, ფრანგები 6 ნოემბერს არგენტინას, ხოლო 20-ში ახალ ზელანდიას უმასპინძლებენ. ორივე მატჩი პარიზში, “სტად დე ფრანსზე” გაიმართება.
“მატმუტ ატლანტიკი” საფეხბურთო კლუბ “ბორდოს” სტადიონია. ეს არენა 2015 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა 183 მილიონი ევრო დაჯდა. სტადიონი 42115 გულშემატკივარს იტევს. თავდაპირველად იწერებოდა, რომ მატჩი ბორდოს სარაგბო სტადიონზე “სტად შაბან-დელმაზე” ჩატარდებოდა, რომლის ტევადობა 34694 გახლავთ. სავარაუდოდ, სწორედ ტევადობა გახლდათ იმის მიზეზი, რომ სანაკრებო მატჩის ჩატარება საფეხბურთო სტადიონზე გადაწყდა.
“მატმუტ ატლანტიკზე” 2016 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ხუთი შეხვედრა გაიმართა. ეს სტადიონი ამდენივე მატჩს უმასპინძლებს 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან გასვლაზე შარშანაც უნდა ეთამაშა, თუმცა შემოდგომის ტესტები ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გაუქმდა და შემოდგომის ერთა თასი ჩატარდა. შესაბამისად, სენტ-ეტიენში დაგეგმილი მატჩი ვერ შედგა.
საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ. 2007 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მარსელში გამართულ მატჩში ფრანგებმა 64:7 იმარჯვეს. “ბორჯღალოსნების” მხრიდან ერთადერთი ლელო ზვიად მაისურაძემ გაიტანა.
წყარო: myrugby.ge