ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, რამდენიმე დღის წინ დაუდგენელმა პირებმა სტალინის ბიუსტი კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს და დაამტვრიეს.
ბელადის ბიუსტის განახლებული ვარიანტი, რომელსაც განაჩენი უცნობმა პირებმა გასულ უქმეებზე გამოუტანეს, სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საზოგადოების წევრებმა გასულ წელს დაამზადეს და ოქროსფრად მოელვარე ბიუსტი კვარცხლბეკზე სტალინის 137 წლის იუბილეზე შემოდგეს. როგორც ამბობენ, მაშინ ბიუსტი ლანჩხუთელმა “სტალინისტებმა” საკუთარი სახსრებით დაამზადებინეს.
ბელადის ბიუსტის დაზიანების ფაქტს ლანჩხუთში არაერთხელ ჰქონდა ადგილი და იგი ადრე ყოველთვის ფეხბურთში „გურიასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის დროს ხდებოდა, ამიტომაც ვეტერანები და სტალინის ბიუსტის გულშემატკივრები ეჭვობდნენ, რომ ამას „დინამოელთა“ ლანჩხუთში ჩამოსული ქომაგობა სჩადიოდა. თუმცა, ამ ჯერზე ფეხბურთის თემა გამორიცხულია და სტალინელებს ამ საქმეში კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება უჭირთ, მომხდარს კი უზნეობად მიიჩნევდნენ.
როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ამბობენ, ბიუსტი იმდენადაა დაზიანებული, რომ სამომავლოდ მისი აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
საზოგადოების მეორე ნაწილის მოსაზრებით, რადგან ბელადის ბიუსტი საბჭოთა სიმბოლიკის გადმონაშთია, კანონის შესაბამისად მისი არსებობა დანაშაულია. გასულ წელს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ბიუსტის აღების ინიციატივით გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ვახტანგ ზენაიშვილმა მიმართა. საკითხი განიხილეს კიდეც ფრაქციებსა და კომისიებში. მაშინ ზენაიშვილის ინიციატივას სოლიდარობა რამდენიმე დეპუტატმაც გამოუცხადა, თუმცა, ამ მსჯელობებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ყოველ შემთხვევაში, ბიუსტის მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ.