მორიგი მავნებლური გადაწყვეტილება – მთავრობა 15 მილიონ ლარს აძლევს “ლიბერთი ბანკს” პენსიონერების სესხის პროცენტის დასაწევად, სინამდვილეში ეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბანკის მხარდაჭერაა და არა პენსიონერების,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც გოცირიძე აცხადებს, პროცენტის შემცირება სხვა გზითაც იყო შესაძლებელი.
“26 პროცენტის ოდენობით წესდება პენსიის ზედა ჭერი. თუ პენსიონერი 300 ლარს აიღებს სესხად, დღეს წელიწადში 108 ლარის ოდენობის პროცენტის გადახდა მოუწევს, ახალი წესით კი, 78 ლარის. წელიწადში 30 ლარის შეღავათი პენსიონერს, 15 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორს და მისი იდეოლოგიური მანქანის დამფინანსებელს. პროცენტის შემცირება სხვა ჯანსაღი საბაზრო გზითაც იყო შესაძლებელი. პარტიები ერთმანეთს ასწრებენ “გამარჯვების” მისაკუთრებაში. სინამდვილეში გაიმარჯვა სხვამ,”– აცხადებს რომან გოცირიძე.
მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს. გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა დეპუტატებმა აღნიშნეს, თებერვლის ბოლოს ბანკებისთვის კონკურსი გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.