ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
ადგილზე გვიან ღამით მივიდა გურიის მხარის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაიაც.
„დაახლოებით 10 ჰა-მდე ტერიტორია იწვის. ეს არის ძირითადად მთის ფერდობი, სადაც გართულებულია სამაშველო სამუშაოების ჩატარება.
მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ხანძარი აცილებულია მოსახლეობიდან“,_ განაცხადა ნასარაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულია 2 ვერტმფრენი.
ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.
შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.