გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას თქმით, დედაქალქში ჰაერის ტემპერატურის -13 გრადუსამდე დაცემა გამორიცხულია.
“ჯერჯერობით მოქმედებს შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან და ამიერკავკასიის ჩრდილო აღმოსავლეთიდანაც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების შემოსვლა, რომელიც 13 იანვარს მთავრდება. გამორიცხული არ არის, რომ 13 იანვრის ღამის საათებში თოვდეს მთელ საქართველოში. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 14 იანვრის ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 0 გრადუსს ქვემოთ დაეცემა. დაბლობ რაონებში არ არის გამორიცხული -3, -5 გრადუსი დაფიქსირდეს, შესაბამისად, დაბალი ტემპერატურა იქნება მთიან რაიონებშიც. დედაქალაქშიც არ არის გამორიცხული ყინვა, მაგრამ -13 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურის დაცემა გამორიცხულია. ზამთარია და მაღალ მთაში არ არის გამორიცხული -17 გრადუსიც დაფიქსირდეს, მაგრამ არა დედაქალქში და დაბლობ ტერიტორიაზე. 15 იანვრის შემდეგ ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს”,_ განაცხადა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
ინფორმაციისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა. გავრცელებულ ინფორმაციას დღეს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძეც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ყინვაც და თოვლიც მოსალოდნელია, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ზამთრისთვის დამახასიათებელი არ არის.
ავტორი