ჩოხატაურში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 პირს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
საქმის პროკურორი, ლევან კლდიაშვილი დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა და ოთხივე დაკავებულს 7000-7000 ლარის (ქონების უზრუნველყოფით) გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდებულებს დავით მჟავანაძესთან მიახლოება აუკრძალა.
ბრალდებულების ადვოკატის შეფასებით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
,,დანაშაულის სიმძიმისა და ხარისხიდან გამომდინარე სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაშიც სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე რეალურია ის რაც ბრალდებულებს შეეფარდათ. ბრალდებულებმა გამოიყენეს დუმილის უფლება. ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ, სასამართლო პროცესებზე გაირკვევა“, – განაცხადა ადვოკატმა მერაბ ფუტკარაიამ.