„როგორც ჩანს, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ შეშფოთებულია. მისთვის მოსამართლეების მხარდაჭერა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.
ალაფიშვილი ფიქრობს, რომ უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების მხარდაჭერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ აღარ იარსებებს.
„მოსამართლეების მხარდაჭერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“, უბრალოდ, აღარ იარსებებს. მმართველ პარტიაში პროცესები ისე ვითარდება, რომ ამ რესურსით პარტიამ, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებამდეც ვეღარ მიაღწიოს. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებს და საბოლოო ჯამში, საზოგადოება პარტიის დაშლის პროცესს უახლოეს მომავალში იხილავს“, _ აცხადებს იურისტი.
ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს.
„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც პარტიასა და ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს. მმართველმა პარტიამ სასამართლო სისტემაში მყოფი ჯგუფი იმდენად გააძლიერა, რომ ამ მოსამართლეებს მცდელობა ექნებათ იმისა, რომ არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში შეინარჩუნონ გავლენები, არამედ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკაში.
უკვე ჩანს, მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მიზანმიმართულად როგორ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, შედის პოლიტიკურ პოლემიკაში და პოლიტიკოსებს პირდაპირ საკუთარი ვალდებულებების შესრულებისკენ მიუთითებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.