ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო ქალაქის სკვერში მოსასვენებელი სკამების დაზიანებამ.
„მიმდინარე თვეში ქალაქის ცენტრში განთავსებული სკამები უკვე მესამედ დააზიანეს.
პირველი შემთხვევა პირველ ივნისს იყო, მეორე -13 რიცხვში, მესამე კი- 22 ივნისს და კიდევ ერთხელ გვიწევს დაზიანებული სკამების შესახებ განცხადების გაკეთება”, – ამბობენ მომსახურების ცენტრში.
ცენტრის ხელმძღვანელის დავით წულაძის შეფასებით, მომხდარი შემთხვევები არის ამაზრზენი და ამის გაკეთება არის შეურაცხყოფა ჩვენი პატარა ქალაქის მოსახლეობისთვის.
„რამდენიმე დღეა, რაც ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, იყო საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ჩვენი სამსახურის ყველა განყოფილება მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ნაკლებად ეგრძნოთ იძულებითი შეზღუდვები.
ერთი დღითაც არ გაჩერებულა ჩვენი სამსახური.
ცენტრალურ სკვერებში დაირგო სხვადასხვა ჯიშის ყვავილის ასეულობით ნერგი და ამ დროს, ხედავ რომ ვიღაც შენს გაკეთებულს ერთი ხელის მოსმით ანადგურებს, ეს მთელი საზოგადოების აბუჩად აგდებაა.
მოდით, ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და სკამების დაზიანების ნაცვლად, სჯობია ერთი ძირი ხე დავრგოთ. ამით დამერწმუნეთ სიკეთეს გავაკეთებთ”, – ამბობს კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის დირექტორი დავით წულაძე.