“მოსკოვი ერევანს ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს, თუ შეტაკებები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს”, _ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების მთელი რიგი მუხლები ითვალისწინებს კონკრეტულ მოქმედებებს შეიარაღებული თავდასხმის საფრთხის ან ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც ხაზგასმულია ახლო აღმოსავლეთიდან უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების გადაყვანისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მათი მონაწილეობის გარემოებები.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართა, დაუყოვნებლივ გამართოს კონსულტაციები, რათა დადგინდეს, რა სახისა და რაოდენობის დახმარება შეუძლია რუსეთს სომხეთისთვის.