მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად კომპანია „მირატორგის“ თანამშრომელი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“5:14 საათზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დომოდედოვოში მირატორგის სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე ობიექტები დაზიანდა. შემთხვევის შედეგად, სამწუხაროდ, არის ერთი დაღუპული და ორი დაშავებული კომპანიის თანამშრომელი. დაშავებულები გადაიყვანეს ქალაქ ვიდანოიესა და დომოდედოვოს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ისინი სამედიცინო დახმარებას უტარებენ”,_ განაცხადეს ორგანიზაციაში.
ვორობიოვმა დააზუსტა, რომ დრონის ნამსხვრევები რამენსკოეში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, სადაც დაზიანდა მინიმუმ შვიდი ბინა შენობის მე-19-დან 22-ე სართულამდე, სევერნოიე შოსეზე. აქედან 12 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის სამი ბავშვი.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი პირველი უპილოტო თვითმფრინავები განადგურდა დილის 4:35 საათზე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევების რამდენიმე ტალღის განხორციელება სცადეს, ქალაქში ერთიდან რამდენიმემდე დრონი გაგზავნეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 91 თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ თავდასხმა დაკავშირებულია ეუთოს გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს მოსკოვში ვიზიტთან. მან აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის დედაქალაქში მაღალი რანგის უცხოური დელეგაციის ჩამოსვლას უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმა ახლავს.
































































