ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ძალაში დღეიდან შედის. სწორედ დღევადელი რიცხვი არის ბოლო ვადა, როცა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოც უნდა ამოქმედდეს.
სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. ამოქმედების შემდეგ პარალმენტი სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევის პროცედურებს იწყებს. სააგენტოს უფროსი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში დაინიშნება.
კანონის მიხედვით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. დანიშვნამდე კი, უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს.