კონსტანტინე შანიძეს ქართველი გულშემატკივრების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. თბილისის „დინამოს“ სტადიონის მუდმივი სტუმრები ამ პიროვნებას ფოტოაპარატით ხელში ყოველთვის სარბენ ბილიკებზე ხედავდნენ. ბატონი კონსტანტინე ერთ სახალისო ამბავს ხშირად იხსენებდა.
„ვისაც ბილეთი სჭირდებოდა, ყველა მე მეძებდა. მეც ნემსის ყუნწში ვძვრებოდი. ერთხელაც ეროსი მანჯგალაძე მელოდება, ასე იცოდა ცხონებულმა, ბილეთი რომ დაჭირდებოდა, სტადიონზე გამოივლიდა და დაიძახებდა – მომიძებნეთ ყოვლისშემძლე კოსტიაო!
მივედი და მოვატყუე, ბილეთები კი მაქვს (ჯიბეში მედო!), მაგრამ დიღმის ბაზაზე დამრჩა და წავიდეთ მოვიტანოთ-მეთქი. ჩავჯექით მანქანაში, მივდივართ და ეროსის ვეუბნები – მოდი სანამ მივალთ, ვითომ დღევანდელი რეპორტაჟი მიგყავს-მეთქი. ავარდა ეროსიც პატარა ბიჭივით (ბილეთებს ელოდება!) და დაიწყო: ყურადღება! ყურადღება! დღეს თბილისის “დინამოს” სტადიონზე… კარგა ხანს ვალაპარაკე, დიღმის ხიდს რომ მივუახლოვდით, სიცილი ვეღარ შევიკავე და ამოვიღე ბილეთები! უხ შენი კოსტია, შენც გამყიდეო, გადაიქნია თავი”…