ბატონი ომარ ეგაძე ერთ კურიოზულ ამბავს ხშირად იგონებდა.
„რუსეთის ერთ ქალაქში ვართ ჩემპიონატზე. საცხოვრებელში მკაცრი დისციპლინა იყო დამყარებული. ერთ საღამოსაც დაბრუნება დამაგვიანდა და ბიჭები აფორიაქდნენ. რომან რურუაა მორიგე ზედამხედველი იმ ღამეს.
– სადაა ეგაძე? – იკითხა თურმე.
ღამის 2 საათია… შევიპარე და დავიძინე.
– ბიჭო, მაღვიძებს მეგობარი მოჭიდავე, – რომანს ვუთხარით შენზე „ლუნატიკია“ და უაზროდ დადის – თქო, რა გვექნა, აბა? თუ ძმა ხარ, კაცი არ მოგვამდურო, როგორმე გაამართლე ნათქვამიო.
რა უნდა მექნა, დავთანხმდი. შუაღამეს ავდექი და თვალდახუჭული მძინარე რომანს თავზე დავადექი. ვაჭერ თითებს მკერდსა და მუცელზე.
გაიღვიძა და წამოხტა.
– რა დღეში ხარ, კაცო შენ!
– აააჰ, აჰ, – შეუძახეს ბიჭებმა, – არ გააღვიძო, არ გააღვიძო, შეიძლება გაგიჟდეს და დაგვკბინოს ყველა.
რომანი ჭკვიანი კაცია და… დაუჯერებია.
მეორე ღამეა. შუაღამისას ავდექი, მივუახლოვდი ფანჯარას და ხმამაღლა ყვირილი დავიწყე. წამოიშალნენ ბიჭები, წამოხტა რომანიც. ხელი მომკიდეს და საწოლთან მიმიყვანეს. დავწექი და ვითომ დამეძინა.
ერთი კი ვიფიქრე, რომ თუ თამაშია, საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა. ცოტა რომ ჩაცხრა და ჩაწყნარდა სიტუაცია, ისევ თვალდახუჭული წამოვდექი. ვითომ წყალი უნდა დავლიო.
გავწიე ხელი წყლიანი ჭურჭლისკენ, მაგრამ – ბოდიში, რამდენჯერაც გავწიე ხელი, იმდენჯერ მიტია გრაფინმა. გავიგრძელე ხელი, გრაფინი მაინც მშორდება.
მალულად გავახილე თვალი და რას ვხედავ. რომან რურუა ნელ – ნელა, ისე რომ არ გამაღვიძოს გრაფინს თავისკენ წევს. ისევ დავწექი და დავიძინე. რომანს მთელი ღამე არ უძინია, საწყალს. ან რა დააძინებდა, ბიჭებს უთქვამთ, ეგ ხომ მთვარეულია და გაბრაზებულია თქვენზე, ბატონო რომან და ფრთხილად იყავით, დამუქრებულია, გრაფინი უნდა გლეწოს თავშიო და გაწევდა, აბა, რას იზამდა.“