მარნეულში, ერთ-ერთ საკონდიტროში შეძენილი ტორტის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა. საინფორმაციო პორტალ aktual.ge-ს ცნობით, ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნარმინ საფაროვა წერს.
აქტივისტის განცხადებით, მოწამვლის სიმპტომების მქონე პირები კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. დაზარალებულებს შორის ბავშვებიც არიან.
„ჩვენ მივმართავთ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტის, „ოვენის“ სასწრაფო შემოწმებას ვითხოვთ. აღნიშნულ ობიექტში ნაყიდი ტორტის ჭამის შემდეგ 6 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ 3 ადამიანი (2 ზრდასრული და 1 ბავშვი) სასწრაფო დახმარების ჯგუფმა „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანა“, — აცხადებს ნარმინ საფაროვა.
მისივე ინფორმაციით, ტორტის დარჩენილი ნაწილი შენახულია და უახლოეს მომავალში იგეგმება მისი ლაბორატორიულ კვლევაზე წარდგენა, რათა ზუსტად დადგინდეს მასობრივი მოწამვლის გამომწვევი მიზეზი.
„ჩვენი მოთხოვნაა, ფაქტები დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული, შემოწმდეს ობიექტის სანიტარული და სურსათის უვნებლობის მდგომარეობა, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. შესაბამისი უწყებებისგან ოპერატიულ რეაგირებას ვითხოვთ“, — წერს აქტივისტი.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს მარნეულში მომხდარ აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.


































































