2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამი ყვითელი ავტობუსი გაგზავნა. ავტობუსების ჩაყვანიდან მალევე ერთი ავტობუსი ჩოხატაურის მერიამ სურების მიმართულებით დანიშნა, ორი ავტობუსი კი ცოტა ხანს მერიის შენობასთან იყო გაჩერებული, შემდეგ კი სერვისჯგუფის ეზოში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის ერთი ავტობუსი რჩება.
საკითხის შესახებ “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს ესაუბრა.
“ავტობუსები საკმაოდ ამორტიზებული დაგვხვდა ჩვენ. მიუხედავად ამისა, ცოტა შევაკეთეთ, რომ ტექინსპექტირება გაევლო. წელს, როცა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში დავდიოდი მოსახლეობასთან შეხვედრებზე, მცხოვრებლებმა დააყენეს ტრანსპორტის პრობლემის საკითხი. გამოსავალი ვნახეთ, ავიყვანეთ მძღოლი და ჩავაბარეთ ავტობუსი. სულ რამდენიმე დღეა, რაც დაინიშნა. ამ დროისთვის ერთი ავტობუსი დგას სერვისჯგუფის ეზოში და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგაც სხვა მიმართულებაზე დავასაქმებთ”,_ გვითხრა შარაშიძემ.
ფოტო: არქივი
ავტორი