ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე განცხადებას ავრცელებს.
რამდენიმე დღეა ვაკვირდებით პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს განვითარებულ ძალიან მნიშვნელოვან და ამავე დროს არა სასიამოვნო მოვლენებს და ვცდილობთ თავი შევიკავოთ ზედმეტი კომენტარებისა და გამოხმაურებისაგან, იმ იმედით, რომ ხელისუფლება სწორად აღიქვამდა და სწორ მიმართულებას მისცემდა აღნიშნულ მდგომარეობას. სამწუხაროდ დღეს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრის მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტმა შეიწირა 19 წლის ახალგაზრდა.
პირველ რიგში, ქართველი მუსლიმების სახელით ვუსამძიმრებთ მაჩალიკაშვილების ოჯახს და მთელ პანკისის ხეობას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო. ღმერთს ვთხოვთ მიცვალებულს სულს დაუმკვიდროს იმ ქვეყნად სამოთხე. უფალმა მიცეს ოჯახს მოთმინება და გამძლეობა. სპეცოპერაცის დროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების ქმედებები, ხელისუფლების შემდგომი დამოკიდებულებები და განცხადებები, დაზარალებული მაჩალიკაშვილის მიმართ შესაბამისი სამედიცინო დახმარების დროულად და ეფექტურად ვერ განხორციელება, იწვევს კიდევ უფრო მეტ საზოგადოებრივ ინტერესს და ეჭვს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მთავარ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მყისიერად განახორციელოს ეფექტიანი და სწორი გამოძიება. დროულად გამოავლინოს დამნაშავე და დასაჯოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნუ დაკავდება მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტული საქმიანობის მხარდამჭერ პირად წარმოჩენით და მის მიმართ გამოხატული საჯარო უკმაყოფილების და საზოგადოებრივი სოლიდარობის შესუსტებით”, _ ნათქვამია განცხადებაში.