2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე ინციდენტი მოხდა – ბახვი-ჰესის წარმომადგენელს გია კილანავას რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დაზარალებულ გია კილანავას რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უმძიმესია და სამართალდამცავების მიერ მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მას ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. სამართალდამცავების თქმით, ინციდენტს ერთი თვითმხილველი ჰყავს, სოფელ დვაბზუში მცხოვრები ხარიტონ დათუნაშვილი, რომელმაც სასამართლო პროცესზე ჩვენება უნდა მისცეს.
სისხლის სამართლის საქმეს ერთი ბრალდებული ჰყავს, რომლის მიმართაც ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა და ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მასალების მტკიცებულებების გამოქვეყნება მიმდინარეობს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა “ბახვი -ჰესის” წარმომადგენელს გია კილანავას სწორედ გ. დ.-მ მიაყენა.
ბრალდებული შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. თუმცა, განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ბრალდებულის ადვოკატი. რომელიც „გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არაა.
“ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს. დაზარალებული დაკითხული არ არის, ბრალდების მხარე ეყრდნობა გარკვეული მოწმეების ჩვენებებს, რომლებზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა. აქედან გამომდინარე, ბრალდება არის შეთითხნილი“, _ ამბობს ბრალდებულის უფლებების დამცველი ვასილ მამულაშვილი.
მისივე თქმით, მთავარ მოწმეზე გახორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა ჩვენების მისაცემად.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები ხარიტონ დათუნაშვილის მიმართ, რომელიც “ოქროს მოწმეა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავების მხრიდან, მისი დაკითხვის დროს გახორციელდა როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე ფიზიკური ძალადობა. მეტიც ის დიაბეტით არის დაავადებული და დაკითხვის პროცესში კომაში ჩავარდა, რის გამოც, სამედიცინო ჩარევა გახდა აუცილებელი.
ხ.ტ. პოლიციამ ჩამოართვა პირადი ავტომობილი და ის ინციდენტის დღიდან დღემდე პოლიციაში იმყოფება, ამის გამო დათუნაშვილმა დახმარებისთვის მიმართა ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძესაც, რომელსაც წერილი თავისივე ხელით გადასცა, ოზურგეთში ერთ-ერთი შეხვედრის დროს; მიმართა მის ბიუროს, თუმცა პასუხი დღემდე არ აქვს.
დეპუტატის ბიუროს უფროსი ლაშა ჭელიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნული პიროვნების მიერ დეპუტატისთვის მიმართულ განცხადებას, მისთვის უცნობია:
“ეს პიროვნება დახმარებას ითხოვდა, იყო ჩვენთან მოსული, არჩილსაც შეხვდა, თუმცა პასუხი ჩემთვის უცნობია“, _ამბობს ჭელიძე.
ხარიტონ დათუნაშვილი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ არ იცის არ შუაშია მისი პირადი ავტომობილი აღნიშნულ ინციდენტთან:
“ასე მითხრეს, რომ ეს ნივთმტკიცებააო, ეს ავტომობილი ჩემი მეუღლისაა, არჩილს (თალაკვაძე, ავტ.) მაგისთვის მივმართე, დახმარება მინდოდა“, _ ამბობს დათუნაშვილი.
რაც შეეხება მასზე ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ზეწოლას, დათუნაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ყველაფერს სასამართლოში იტყვის.
ხარიტონ დათუნაშვილის უფლებების დამცველი რუსუდან ქორჩილავა კი „გურია ნიუსთან“ ჰყვება, თუ როგორ სცემეს და რა ფსიქოლოგიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ დააწერინეს მოწმეს პირველი ჩვენება:
“ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ის არის ერთი პატიოსანი ადამიანი, რომელმაც პოლიციის კარი როგორ იღებოდა აქამდე არ იცოდა. ის არის “ოქროს მომწე“, რომლის ჩვენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. არის დიაბეტით დაავადებული, დაზარალებული მისი სიძეა, ოჯახის უახლოესი, რომელიც ჩვენებას არ იძლევა. გამოძიებას ვერავინ მასწავლის, გამოძიება არის ძალიან დაბალ დონეზე ჩატარებული. არ იციან გამოძიება როგორ აწარმოონ. წარმოიდგინეთ, დათუნაშვილი არის ინციდენტის თვითმხილველი, რომელმაც დაინახა როგორ სასიკვდილოდ გაიმეტეს მისი უახლოესი ადამიანი, თუმცა, არ დაუნახავს პიროვნება, რომელმაც გაისროლა. მან დაჭრილი თავისი პირადი ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანა და ცდილობდა სიკვდილს გადაერჩინა. იმყოფებოდა შოკში, არაადეკვატურ მდგომარეობაში, ამ დროს თავზე ადგება პოლიცია და მიჰყავს ჩქარა ჩვენება მოგვეციო. წაართვეს პირადი ავტომობილი და დღესაც არ აძლევენ, ესეც ზეწოლაა ჩვეულებრივი. არ გამკვირვებია, მიშას დროიდან მოდის ეს და გრძელდება ჩვეულებრივად მოწმეების ცემა–ტყება და მუქარა.
დაკითხვა მოხდა ღამის საათებში პოლიციაში, სადაც ცემეს, ზეწოლა იყო, დედაც აგინეს. დაემართა შეტევა. გეკითხებით ღამის 2 საათზე რა შუაშია დათუნაშვილის მეუღლისა და დედის სახლიდან გამოყვანა და პოლიციაში მიყვანა ჩვენების მისაცემად?“ _ამბობს რუსუდან ქორჩილავა, რომელიც ამბის „ცუდად დამთავრებას“ პროგნოზირებს:
“პირველი ჩვენებაც აქვს მიცემული რაც იყო პოლიციისთვის სასურველი, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი ენით არის დაწერილი ფსიქოლოგიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ ფაქტიურად დაუწერეს მას და ხელი მოაწერინეს, ამას ის სასამართლოში დააზუსტებს. სიტყვა დაზუსტება აფორიაქებთ პროკურატურაშიც. მე ვნახე დათუნაშვილთან ერთად მთავარი პროკურორი შოთა კვაჭანტირაძეც. რომელმაც უთხრა მას, შენ თუ ჩვენებას შეცვლი, იცოდე ეს კარგად არ დამთავრდებაო. ვუთხარი კი არ შეცვლის დააზუსტებს–მეთქი. რას ჰქვია დააზუსტებსო, _ აფორიაქდა, მესმის მისი ეს არის “ოქროს მოწმე“, რომელზეც არის ყველაფერი დამოკიდებული. ყველაზე დიდი დანაშაული კი ბოლოს მოსამართლეებს მიუძღვის. შეშინებული მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს“,_ამბობს ადვოკატი.
შსს ამბობენ, რომ თუ მოწმის სახით დაკითხულ დათუნაშვილს პოლიციის მიმართ თუ რაიმე სახის პრეტენზია აქვს, შეუძლია შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართოს:
“12 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სსკ–ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფაქტის უშუალო მომსწრე ხ.დ. მოწმის სახით დაიკითხა. მან ითანამშრომლა პოლიციასთან და სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა”, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ შსს-ში.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხარიტონ დათუნაშვილის დაკითხვა სასამართლოში 22 ივნისს იგეგმება.