ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებენ. მათ შორისაა შსს-ს ყოფილი თანამშრომელი. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.
შსს-ს ცნობით, ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვის ბრალდებით დაკავებული სამი პირიდან ერთი უწყების თანამშრომელია. შსს-ში აცხადებენ, რომ ის პირველ დეკემბერს სამინისტროს კადრების განყოფილებაში იყო გადაყვანილი, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ის უწყებაში უკვე აღარ მუშაობს. მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური.
არასრულწლოვანი გ.ჯ. რომელსაც 4 დღის განმავლობაში პოლიცია საქართველოს მასშტაბით ეძებდა, პოლიციას წუხელ ჩაბარდა. მოზარდის განცხადებით, მას არავის დაუჭრია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი სასიკვდილოდ დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.
მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.