მხატვრული სურათი “მიმინოს” ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ეპიზოდი, ვერტმფრენზე გამობმული “მფრინავი ძროხაა.” ეს სახალისო კადრები შემდეგნაირად გადაიღეს: ოთხფეხა “აქტიორი” ერთ-ერთ ადგილობრივ გლეხის ქალს სთხოვეს, სხვათა შორის, ერთადერთს, რომელმაც ასეთი სახიფათო ტრიუკისათვის თუში “ფაქიზო” გაიმეტა.
სამწუხაროდ, თავდაპირველად ფილმის ოპერატორმა ძროხა სასტიკად დაიწუნა, რადგან თეთრი ფერის საქონელი ფრენისას ცის ფონზე საერთოდ იკარგებოდა. რა უნდა ექნათ? ვიღაცამ მოიფიქრა, მუქად შევღებოთო და ასეც მოიქცნენ. მალევე იშოვეს ერთი ვედრო საღებავი და ღია ფერის ბოჩოლა წამში ყავისფერი გახდა. ოღონდ გადაღებების შემდეგ ახალი პრობლემა გაჩნდა. ახლა უკვე საქონლის პატრონი აღარ იბრუნებდა ძროხას, ჩემი არ არისო.
ამის გამო გვარიანი სკანდალიც მოაწყო. ვიდრე ვიღაც ჭკვიანმა არ ასწავლა ჯგუფის წევრებს: ძროხა გაუშვით და თავის სახლს თვითონვე მიაგნებსო. ასეც მოიქცნენ. ჭკვიანმა პირუტყვმა ორ კილომეტრზე მეტი გაიარა, სანამ ჭირვეულ პატრონს არ მიადგა. თანაც მარტო კი არა, მთელი გადამღები ჯგუფის თანხლებით, რადგან ყველას საშინლად აინტერესებდა, რით დასრულდებოდა ეს მარტივი, მაგრამ მრავლისმეტყველი ექსპერიმენტი.