83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, “ხელოვნების ქურუმის” ჯილდოს მფლობელი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ბერტა ხაფავა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თეატრის გვერდზე ვრცელდება.
“ბერტა ხაფავა მოზარდ მაყურებელთა თეატრს თითქმის ექვსი ათეული წელი ემსახურა. არაერთი მნიშვნელოვანი სახით გაამდიდრა თეატრის რეპერტუარი სპექტაკლებში: “დაკარგული დრო”, “სკაპენის ოინები”, “სათაგური”, “ციხისხევის საიდუმლოება”, “აცა ბაცა”, “სიმონა მაშარის სიზმარი”, “ქამუშაძის გაჭირვება”, “სადა ხარ სოფიკო”, “ირინეს ბედნიერება”, “მერი პოპინსი”, “ჩვენებურები”, “ბანკეტი”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “კარებს აჯახუნებენ”, “ნიშნობა”, “კუკარაჩა”, “მე ვხედავ მზეს”, “მეფე ლირი თავშესაფარში” და სხვ.
გადაღებულია 60-მდე მხატვრულ ფილმში. მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი როლები კინოფილმებში: “სამანიშვილის დედინაცვალი”, “სიყვარული ყველას უნდა”, “ბოშა აზა”, “სამოთხის გვრიტები”, “გრძელი, ნათელი დღეები”, “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და სხვა.
2013 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება განსვენებულის ბინაში: მერაბ კოსტავას ქ. 20 I სადარბაზო, V სართული 18, 19 თებერვალს. გამოსვენება ვერის სასაფლაოზე მდებარე წმ.პანტელეიმონის ტაძრიდან ხუთშაბათს, 20 თებერვალს 14 საათზე”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.