ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში დასრულდა ერთკვირიანი კამპანია “მშობლები სკოლაში“. ამ ხნის მანძილზე 1-ა კლასის მოსწავლეების წინაშე ხუთი მშობელი წარსდგა.
პირველ დღეს მშობელმა ნანა წითლიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სოფელ ლიხაურის ღირშესანიშნაობებისა და დიდი ექვთიმეს შესახებ.
მეორე დღეს კი მოსწავლეების წინაშე წარსდგა ხათუნა რუსიეშვილი, პრეზენტაციით “ჩემი სამშობლო საქართველოა”. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია თემაზე – რა არის თქვენთვის სამშობლო?!
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეების წინაშე გამოვიდნენ: თეოფილე კალანდარიშვილი პრეზენტაციით – ,,ბუნებრივი აირი და უსაფრთხოების წესები”, ლელა გოგიტიძე: პრეზენტაციით ,,მოსწავლე და მასწავლებელი, კვირეულის დასასრულს კი პრეზენტაცია მოაწყო სოფო ცინცაძე, რომლის თემა იყო “ბაქტერიები და ჰიგიენა.“
“ამ ეტაპზე ხუთმა მშობელმა მცირე პრეზენტაციებით პირველკლასელებს თავიანთ პროფესიები გააცნეს და ასევე საინტერესო თემებზე ისაუბრეს ბავშვებთან. პროექტის მიზანია გავზარდოთ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესები სწავლისადმი.“ – აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს 1- ა კლასის მასწავლებელმა ნათია ჯულაყიძემ.
მისივე თქმით, პირველი კლასელებისთვის აუცილებელია სკოლაში ჩატარდეს სახალისო და ამავე დროულად საინტერესო გაკვეთილები.
“ამისთვის. შემოქმედებითი კუთხით ვიგონებთ ათასგვარ პროექტებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ინიციატივებზე მშობლები მოდიან და პრეზენტაციებს აწყობენ ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის პირველ რიგში მშობლები არიან ავტორიტეტები და აქედან გამომდინარე მოგვივიდა იდეა, რომ სკოლაში მშობლის კვირეული ჩაგვეტარებინა.
შემდეგ ეტაპზე აუცილებლად ვაპირებთ მამების ჩართვას პროექტში და ისინი გააცნობენ საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს პირველკლასელებს.“- გვითხრა ნათია ჯულაყიძემ.
კვირეულის ფარგლებში ძალიან აქტიურობა გამოიჩინეს პირველკლასელებმა და შეიძლება ითქვას კითხვების წვიმაში მოაქციეს პრეზენტატორები.