“მშობლებთან ამ კვირაში რამდენიმე შეხვედრის ჩანიშვნას ვფიქრობთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში თქვა.
მისი თქმით, ქვეყანაში მედიკამენტ “ვოსორიტიდის” უსაფრთხოდ დანერგვისთვის გარკვეული დრო აუცილებელია.
“ამ კვირაში რამდენიმე შეხვედრის ჩანიშვნას ვფიქრობთ, ხვალ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი დროსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. არის სამუშაო ჯგუფი და საბჭო. ორივე სტრუქტურა სხვადასხვა რეჟიმით მუშაობს. ჩვენ ორივე ჯგუფში მოვიაზრებთ მშობლების მონაწილეობას. ვფიქრობთ, ეს დაგვეხმარება, რომ საბოლო ჯამში შედგეს ერთიანი შეთანხმების ჩარჩო, რომელიც მოკლე ხანში შექმნის პირობებს მედიკამენტის ქვეყანაში უსაფრთხოდ დანერგვისთვის…
ვფიქრობ, რომ ყველაზე კრიტიკული მომენტი არის მედიკამენტის დანერგვის სისწრაფე და ტემპი, სწორედ ამან გამოიწვია ის უკმაყოფილება, რასაც ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალს. ქვეყანაში მედიკამენტის უსაფრთხოდ დანერგვის თვის გარკვეული დრო აუცილებელია. მტკიცებულებები მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ აუცილებლად უნდა გვქონდეს და ასევე მოსამზადებელია ინფრასტრუქტურული საკითხები, ეს პროცესები უნდა გავიაროთ” – თქვა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ისევ არ ამბობს, შეისყიდის თუ არა სახელმწიფო 12 ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ერთადერთ მედიკამენტს – “ვოზორიტიდს”. დედების უწყვეტი აქცია კი მთავრობის კანცელარიასთან უკვე მე-15 დღეა გრძელდება.