ბრიტანელმა სწავლულებმა გამოიგონეს „მშრალი წყალი“ – ნივთიერება, რომელიც ძირითადად, ჩვეულებრივი წყლისგან (95 პროცენტი) და მცირე რაოდენობით (5 პროცენტი) კრემნიუმის დიოქსიდისგან შედგება. თითოეული წყლის წვეთი, გახვეულია კრემნიუმის დიოქსიდის გარსში. ეს ნივთიერება გარეგნულად შაქრის ფხვნილს მოგვაგონებს.
„შრალი წყალი“ რევოლუციას მოახდენს ქიმიკატების გამოყენებაში. ბრიტანელი სწავლულების აზრით, ეს ნივთიერება მეცნიერებს დაეხმარება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში – იგი სამჯერ უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი წყალი, ისრუტავს ნახშირორჟანგის გაზს, ამით ხელს უშლის მის მოხვედრას ატმოსფეროში. „მშრალი წყალი“, აგრეთვე, შეიძლება გამოვიყენოთ მეთანის მარაგის შესანახად და მისი ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდისთვის.
ლივერპულის უნივერსიტეტის დოქტორმა ბენ კარტერმა თავისი სამუშაო ბოსტონში, ამერიკის ქიმიური საზოგადოების 240-ე ნაციონალურ კონფერენციაზე წარადგინა.
„მშრალი წყალი“ შეიძლება, გამოვიყენოთ კატალიზატორად, წყალბადისა და მალეინის მჟავას შორის რეაქციის დასაჩქარებლად. შედეგად წარმოიქმნება ქარვის მჟავა – ნივთიერება, რომელიც გამოიყენება წამლების, კვებითი პროდუქტების დამატებებისა და სახალხო მოხმარების საგნების დასამზადებლად. „მშრალი წყლის“ გამოყენებისას, რომლის ნაწილაკები შეიცავს მალეინის მჟავას, ქარვის მჟავას მიღება მარტივდება, ხოლო მისი გამომუშავების პროცესი ხდება უფრო მეტად ეკოლოგიური და ენერგოეფექტური.
„მშრალი წყლის“ გამოყენებით, შესაძლებელი იქნება, ერთმანეთს შევურიოთ ისეთი სითხეები, რომელთა შერევა ადრე არ შეიძლებოდა. მაგალითად, როგორიცაა ნავთობი და წყალი. ასეთი „მშრალი ემულსიები“ გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირებას.