ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. სახლში, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვია, სახურავიდან წვიმის ან თოვლის დროს წყალი ჩადის. დაზიანებულია სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბეც.
სახლში შეყვანილი არ არის გაზი. სარეცხის რეცხვაც 21-ე საუკუნეში სამი ბავშვის დედას ხელით უწევს. არ აქვს არც სააბაზანო ოთახი.
„ვცხოვრობ დანგრეულ სახლში. როცა ქარია, წვიმაა, თოვლია, მეშინია, რომ სახლი არ ჩამოინგრეს და ჩემი შვილები არ მოიყოლოს“, _ გვითხრა ინგა ფასენაძემ.
ინგა ფასანიძე „გურია ნიუსთან საუბრისას ამბობს, რომ უკვე 2 წელია შემცირებულ სოციალურ დახმარებას იღებს, რადგან მემკვიდრეობით ერგო ბინა ოჩხამურში, რომელიც იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობს.
„ძმა დამეღუპა. 2 და ვართ და დედაჩემმა ბინა გადმომიფორმა, მოაწყვე და გქონდესო. გადმოფორმებიდან მეორე დღეს მივიღეთ სმს შეტყობინება სოცდახმარების შეწყვეტის შესახებ. მივიდნენ და ის ბინაც შეამოწმონ, რა მდგომარეობაშია. ამაზე უარესი მდგომარეობაა იქ, საერთოდ არ იცხოვრება“, _ გვიამბობს რესპონდენტი.
ქალბატონ ინგას სამი შვილი ჰყავს. ერთ-ერთ ბავშვს გულის მანკი აწუხებს. ოჯახში ჯანმრთელობის პრობლემა აქვს დედამთილს და მეუღლესაც.
„მეუღლემ ინფარქტი 3-ჯერ გადაიტანა. სოციალური დახმარებით არ ვიცი, დედამთილის წამლები ვიყიდო თუ ჩემი ქმრის. სოციალურ დახმარებას 600 ლარს ვიღებდი, მაგრამ ბინა რომ გადმოვიფორმე, ამის გამო სოციალური დახმარება გამინახევრეს. ჩემმა დედამთილმა ბევრი იარა, რომ ჩემი შვილები მშივრები არ დარჩენილიყვნენ, მაგრამ ვერაფერს გახდა“, _ გვიამბობს ინგა ფასანიძე.
მისი თქმით, დახმარების თხოვნით მიმართა მუნიციპალიტეტის მერს.
„ვიყავი კუჭავასთან და აღვუწერე ჩემი მდგომარეობა. მითხრა, მე თქვენ სახლის გასაკეთებელი მასალით დაგეხმარეთ და მეტი საშუალება არ გვაქვს თქვენ დასახმარებლადო. მასალა კი მომცეს, მაგრამ ვის გავაკეთებინო? ჩემს მეუღლეს არ შეუძლია და მუშების მოყვანის საშუალება არ მაქვს.
ვითხოვ, რომ სახლით დამეხმარონ, ქირის გადახდის საშუალება არ მაქვს და იქნებ 1-2 ოთახიან ბინაში მაინც გაგვიყვანონ, მშვიდად რომ გვეძინოს. სად წავიდეთ?!“
უნდა ჰქონდეს თუ არა სოციალურ სიდუხჭირეში მყოფ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების იმედი_ ამის გასარკვევად მერის წარმომადგენელს ქვენობნის თემში, დავით კვაჭანტირაძეს დავუკავშირდით.
„მან უნდა მიმართოს განცხადებით მერს, გამოიყოფა კომისია, მივა ადგილზე შეისწავლის სახლის მდგომარეობას და დიდი ალბათობით, ოჯახი გავა ქირით, რადგან ასეთი გაუსაძლისი პირობებია“, _ გვითხრა კვაჭანტირაძემ.
„გურია ნიუსი“ ოჯახის პრობლემასთან დაკავშირებით ასევე ესაუბრა მერის წარმომადგენლის თანაშემწეს რომან კალანდაძეს.
„არაერთი დახმარება აქვს მიღებული. ქირით გასვლასთან დაკავშირებით მერიისთვის ოფიციალურად არ მოუმართავს, დაწეროს განცხადება და პირადად მე ვუშუამდგომლებ“,_ გვითხრა რომან კალანდაძემ.