“მშვიდობით, მამა თომა. მშვიდობით, ძმაო თომა!
მშვიდობით, მწყემსო კეთილო და საუკეთესო ადამიანო ქრისტეში”, _ დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე სოციალური ქსელის საშუალებით ემშვიდობება მამა თომას.
“ეს 2 თვე შიშით ვუყურებდი სოციალურ ქსელში გამოჩენილ მის ფოტოებს _ შეუცნობელის შიშით, რა ჰქონდა სტატუსად. მეგონა, დრო სნეულების საწინააღმდეგოდ მიდიოდა, არ დამიშვია ამ შეუცნობელში იმედის გარდა სხვა აზრს გაეჭაჭანა.
უსაზღვრობამდე დიდია ახლა გულის ტკივილი, კიდევ მეტი და გაუსაძლისი იქნებოდა, რომ არა რწმენა ქრისტეს კაცთმოყვარებისა, რომელიც გვჯერა, გეტყვის, ,,მოვედი ჩემთან, კურთხეულო მამისა ჩემისაო”
მიმძიმს ამ წამს სახელის დაწერა ამ კონტექსტში. შენ მთელ ჩოხატაურს მოუკვდი, ჩემო მამაო. ახლა, მიუხედავად გეოგრაფიისა, რწმენისა და საქმიანობისა, ჩოხატაურელების მაჯისცემა ერთია და ერთიანად იზომება.
ასე აერთიანებს ხალხს დიდი ადამიანის გარდაცვალება.
ასე განიდიდება ღმერთი დიდი ადამიანის გარდაცვალებით.
ნამდვილად იყავი ის სანთელი, რომლის ნათებამ გააპო ბნელი და ათასობით ადამიანის გულში დაბადა იმედი, რწმენა და სიყვარული.
მამაო, ქრისტეს ჭეშმარიტო მღვდელო და მხედარო, მოგვიხსენე წინაშე უფლისა ჩვენისა.
ქვეყნის დასალიერიდან ვეამბორები შენს მაკურთხეველ მარჯვენს და შეგვინდე, თუ ოდესმე გვქონია ნებსითი თუ უნებლიეთი შეცოდებანი.
იბრწყინა შენმა ნათელმა კაცთა წინაშე.
დღეს უფალი დაგაყენებს მარჯვენით მისა.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ღირსო ნეტარებისა და საუკუნოდ ხსენებულო ძმაო.
დეკანოზობა შენი მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა.
მშვიდობით, მამა თომა.
მშვიდობით, ძმაო თომა.
მშვიდობით, მწყემსო კეთილო და საუკეთესო ადამიანო ქრისტეში”, _ წერს მამა კონსტანტინე სოციალურ ქსელში.